Home » დეკემბრის თვის ლოზუნგი

დეკემბრის თვის ლოზუნგი

“ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, ვისი მეოხებითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლით, რათა გაენათლებინა სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომნი და მშვიდობის გზით წარემართა ჩვენი ნაბიჯი.“ (ლუკა 1, 78-79)

ასე იწინასწარმეტყველა მღვდელმა ზაქარიამ მისი ძის იოანეს დაბადების შემდეგ, რომელსაც მოგვიანებით „ნათლისმცემელი“ ეწოდა და ასევე იწინასწარმეტყველა იესო ქრისტეზე, რომლის დაბადებაც მალე ჩვენს შორის „ღმერთის გულმოწყალებას“ დაამკვიდრებდა. შობა კარს მოგვადგა. ჩვენ ვნატრობთ, ვხვდებით და ვაცხადებთ ღვთის გულმოწყალების დადგომას. ჩვენ, „სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომნი“ ვნატრობთ ღმერთის გულმოწყალებასა და წყალობას. ბედნიერებასა თუ უბედობაში – მუდამ ვგრძნობთ ჩვენს სასრულობას და საზღვრების გარღვევა გვსურს. ზოგჯერ ვხვდებით ღვთის სიახლოვეს და მის შეწევნას ვგრძნობთ. ზოგჯერ ხსნასაც ვხვდებით, დიდ ცხონებას, როგორც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები – ზაქარიას მსგავსად – მთელი კაცობრიობის ხსნას. მოსალოდნელია დიდი გარდატეხა ჩვენს ცხოვრებაში, შემეცნება, რომლის მნიშვნელობაც ამ ქვეყნიერებაზე და ამ სამყაროზე გაცილებით მეტია.
ამ ყველაფერს ზაქარიაც გრძნობს, როცა თავის მეუღლე ელიზაბეტთან და პატარა შვილთან ერთად ტაძარში, ღმერთთან მიდის, რათა იოანე დაარქვას და იუდეური სარწმუნოების მიხედვით წინდაცვეთა ჩაუტაროს. მას სულიწმიდა გამოეცხადა საკუთარ ვაჟიშვილზე, რომელიც იესო ქრისტეს წინამორბედი გახდება. კაცობრიობის სურვილსა და მონატრებას ის გამოცხადების სიტყვებით გადმოსცემს: „ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლით. . .“ მაგრამ ზაქარიას მხოლოდ „ზევიდან“ როდი გადმოხედავს და გაანათებს სული, არამედ დიდი ხნის ნანატრი შვილის ნახვა აუკრთოლებს გულს. „ხოლო შენ, ყრმაო“, მიმართავს ის, „წინ წარუძღვები უფალს. . .“ (ლუკა 1, 76). ზაქარიას ახარებს ყრმა და მასში დიდ მომავალს – ღმერთისთვის გზის გაკვალვის მოწოდებას ხედავს. მოხუცი მამა და მისი ყრმა შვილი ღვთის შემეცნების ამ მომენტში ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. – დასანანია, რომ იოსებსა და იესოს შორის ამგვარი შეხვედრა სახარებამ არ შემოგვინახა. სახარება გვიყვება მარიამზე, რომელმაც დედობა სულიერ ძღვენად მიიღო და რომელიც მღერის: „ადიდებს სული ჩემი უფალს. . .“ (ლუკა 1, 46).
ღმერთი თავისი ყოფნით გვაცნობიერებინებს ჩვენს მისწრაფებას ცხონებისკენ. ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებაში მის ყოფნას ვხვდებით და ვგრძნობთ. ასევე დგება მასთან შეხვედრის და ღმერთის შემეცნების მომენტები, როგორც ზაქარიას ყრმა იოანესთან შეხვედრისას ჰქონდა და ასეთი შეხვედრები „მშვიდობის გზის“ პოვნას შეგვაძლებინებს.

ეპისკოპოსი ჰანს-იოახიმ კიდერლენი

LikeBox

Facebook By Weblizar Powered By Weblizar
Top